სკულპტორის სახლი – მოქმედ მუზეუმად

Published March 8, 2013 by tsirakurashvili

ქუთაისში, საითაც არ უნდა გაიხედო, კულტურის თვალსაზრისით ყველა  მეტნაკლებად მნიშვნელოვან ადგილას გოგილო ნიკოლაძის სკულპტურული ნამუშევრები დგას, მარტო ქუთაისის ცისქვეშ ამ ქანდაკებათა რიცხვი 30-მდე აღწევს, დანარჩენი თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშია დადგმული.

ქვეყნის გარეთ, გერმანიაშიც, ქალაქ ვედერნში, გრაფ ანტონოს სახელობის ქუჩასაც  ამშვენებს მის  მიერ შესრულებული და ბრინჯაოში ჩამოსხმული ბარელიეფები გრაფინია კრისტინასა და გრაფ ჯოზეფ ანტონის რეპროდუქციური პორტრეტებისა. თავისი საუცხოო ხელწერით შესრულებული ნამუშევრებით გოგილო ნიკოლაძემ ჩვენი ქუთაისი ერთ დიდ არაჩვეულებრივ გამოფენად აქცია, ქუთაისელებმა იციან, რომ გოგილო ნიკოლაძე არის პროტოტიპი აგული ერისთავისა, რეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებული ფილმიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“. ოღონდ მხატვრული პერსონაჟის, აგული ერისთავისგან განსხვავებით გოგილო ნიკოლაძე ნაყოფიერი, გამორჩეული სკულპტორი გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე თავის საჭრეთლით ერთგულად ემსახურა ქვეყანას.

მან ღირსეულად გააგრძელა დიდი იაკობ ნიკოლაძის სახელოვნებო ტრადიციები. გოგილო ნიკოლაძის დიდი სურვილი იყო, საფიჩხიაზე, საკუთარ სახლში სახელოსნო სალონი მოეწყო და ახალგაზრდების  სახელოვნებო დაოსტატებაზეც ეზრუნა, რაც განუხორციელებელი დარჩა.  თუმცა სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ხელოვნებით გატაცებული ადამიანებისათვის.

დღეს გოგილო ნიკოლაძის მემკვიდრეობას მისი მეუღლე ნორა გაბრიაძე მზრუნველობს. სახლში დაცული და თავმოყრილია სკულპტორის მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რასაც სამუზეუმო აღწერა, დახარისხება, დალაგება, შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგება, ინტერიერის სათანადო მოწესრიგება ესაჭიროება. იმედია მალე დადგება დრო, როცა ცნობილი მოქანდაკის სახლი მუზეუმის რანგში მოევლინება ხელოვნების მოყვარულთ. მომავალ მუზეუმში  ხელოვნების სალონთან ერთად ახალთაობათათვის გამოსადეგ  სხვა არაერთ საინტერესო ცენტრსაც შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი, რის საშულებასაც მოქანდაკის მშობლიური გარემო იძლევა.

Leave a comment