სკულპტორის სახლი – მოქმედ მუზეუმად

Published March 8, 2013 by tsirakurashvili

ქუთაისში, საითაც არ უნდა გაიხედო, კულტურის თვალსაზრისით ყველა  მეტნაკლებად მნიშვნელოვან ადგილას გოგილო ნიკოლაძის სკულპტურული ნამუშევრები დგას, მარტო ქუთაისის ცისქვეშ ამ ქანდაკებათა რიცხვი 30-მდე აღწევს, დანარჩენი თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშია დადგმული.

ქვეყნის გარეთ, გერმანიაშიც, ქალაქ ვედერნში, გრაფ ანტონოს სახელობის ქუჩასაც  ამშვენებს მის  მიერ შესრულებული და ბრინჯაოში ჩამოსხმული ბარელიეფები გრაფინია კრისტინასა და გრაფ ჯოზეფ ანტონის რეპროდუქციური პორტრეტებისა. თავისი საუცხოო ხელწერით შესრულებული ნამუშევრებით გოგილო ნიკოლაძემ ჩვენი ქუთაისი ერთ დიდ არაჩვეულებრივ გამოფენად აქცია, ქუთაისელებმა იციან, რომ გოგილო ნიკოლაძე არის პროტოტიპი აგული ერისთავისა, რეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებული ფილმიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“. ოღონდ მხატვრული პერსონაჟის, აგული ერისთავისგან განსხვავებით გოგილო ნიკოლაძე ნაყოფიერი, გამორჩეული სკულპტორი გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე თავის საჭრეთლით ერთგულად ემსახურა ქვეყანას.

მან ღირსეულად გააგრძელა დიდი იაკობ ნიკოლაძის სახელოვნებო ტრადიციები. გოგილო ნიკოლაძის დიდი სურვილი იყო, საფიჩხიაზე, საკუთარ სახლში სახელოსნო სალონი მოეწყო და ახალგაზრდების  სახელოვნებო დაოსტატებაზეც ეზრუნა, რაც განუხორციელებელი დარჩა.  თუმცა სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ხელოვნებით გატაცებული ადამიანებისათვის.

დღეს გოგილო ნიკოლაძის მემკვიდრეობას მისი მეუღლე ნორა გაბრიაძე მზრუნველობს. სახლში დაცული და თავმოყრილია სკულპტორის მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რასაც სამუზეუმო აღწერა, დახარისხება, დალაგება, შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგება, ინტერიერის სათანადო მოწესრიგება ესაჭიროება. იმედია მალე დადგება დრო, როცა ცნობილი მოქანდაკის სახლი მუზეუმის რანგში მოევლინება ხელოვნების მოყვარულთ. მომავალ მუზეუმში  ხელოვნების სალონთან ერთად ახალთაობათათვის გამოსადეგ  სხვა არაერთ საინტერესო ცენტრსაც შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი, რის საშულებასაც მოქანდაკის მშობლიური გარემო იძლევა.

არ აწამო

Published September 18, 2012 by tsirakurashvili

პატიმართა წამების შემაძრწუნებელი კადრების გავრცელების შემდეგ, დღეს, 18 სექტემბერს,  ღამის 12საათზე  მწერლები, ჟურნალისტები, პედაგოგები ქუთაისის მთავარ მოედანზე შევიკრიბეთ, საიდანაც გადავინაცვლეთ N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან.

როგორც გამოირკვა, არა მხოლოდ გლდანის, ქუთაისის ამ დაწესებულებაზეც  განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის  გამო  დადის ლეგენდები. აქ თავი მოიყარა დაახლოებით 50- მდე აღშფოთებულმა ადამიანმა  პროტესტით: ,,არ აწამო“, ,,არ კლა“ ,,SOS“, ,,ნუ და5ავ“. და სკანდირებდნენ ,,არ აწამო”. საპროტესტო აქციას შემოუერთდნენ  პარტიების ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

აქციამ დაგმო ციხეებში პატიმართა არაადამიანური წამება და მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა. ხვალ,  19 სექტემბერს  14 საათზე საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება. 

ლიტერატურულ კონკურს ,,საბას” შესახებ

Published September 9, 2012 by tsirakurashvili

2012 წლის ლიტერატურულ კონკურს ,,საბას“ ფინალში 6 პროზაული კრებული გავიდა, მათ შორის იყო ჩემი კრებულიც ,,ხიზნები  კომანის მონასტერთან“. ჩემს გარდა  ფინალისტი მწერლები იყვნენ: ზვიად კვარაცხელია, ზურაბ ლეჟავა, მიხო მოსულიშვილი, დავით ქართველიშვილი, ბესო ხვედელიძე. კრებულებიც ავტორთა შესაბამისად : ,,ყიფლიბანდი“,  ,,სინაღდე სიყალბისა“, ,,მადლის ქვა“, ,,ექვსი  სიზმარი“, ,,წითელი“. კონკურსის ჯიურიმ გამარჯვება ბესო ხვედელიძეს მიანიჭა ანდრო ბუაჩიძის ხელით.

დაჯილდოებიდან ცოტა ხანში ზურაბ ლეჟავას სტატუსს, თუ კომენტარს  წავაწყდი ინტერნეტსივრცეში. ჟიურის მიკერძოების შესახებ აღნიშნავდა და საუკეთესოდ თავის პროზაულ კრებულს მიიჩნევდა. გუნებაში გამეცინა, რადგან მეც იგივეს ვფიქრობდი საკუთარ კრებულზე და დარწმუნებული ვიყავი, დანარჩენი ოთხიც ამავე  ფიქრებით იქნებოდა შეპყრობილი. რადგან ჩვენ,  მწერლები, ყველაზე ეგოცენტრული არსებები ვართ დედამიწის ზურგზე. მაგრამ განა მხოლოდ ეგოცენტრიზმი ქმნის დაეჭვების საფუძველს? მხოლოდ ის განგვაწყობს, ანტიპათიურად და გვაიძულებს კრიტიკულად შევხედოთ იმ მოვლენას, რასაც ,,საბა” და ზოგადად ქართული ლიტერატურული კონკურსები ჰქვია?

კონკურსის ფინალური საღამოს ჩატარების სტილი მეტად პომპეზური იყო, აქუხებული მუსიკით, ჩამტკბარი შაქრის პუდრმოყრილი სიმღერებით, გრძელი კაბების ფოფიალით,  დაჯილდოების დასავლურ ცერემონიალს მიმსგავსებული, ოღონდ ცოტა სასაცილო და  კარიკატურული ფორმით… ამას დამსწრენი საღამოს ბოლოს გამოხატავდნენ, ეს იგრძნობოდა. ამ საღამოს ძალიან ცოტა ჰქონდა საერთო და სრულიად არ ეთანხმიერებოდა თანამედროვე ქართველი მწერლის მწარე რეალურ  ცხოვრებას. ნუთუ  ასეთი საღამოები მხოლოდ იმიტომ ტარდება და იმიტომ იხარჯება ამდენი ფული,  რომ შექმნას ილუზია, თითქოს აქაც  ჩვენთანაც საქართველოში  ყველაფერი რიგზეა?!

და თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ აჩენს ამდენ ეჭვებს ეს ლიტერატურული კონკურსები, მათ შორის ,,საბაც”?!  ხშირ შემთხვევაში რატომ სტოვებს მიკერძოების შთაბეჭდილებას, ისე,  თითქოს თბილისელი სახლიკაცები საოჯახო მემკვიდრეობას ინაწილებდნენ? რატომ არ ხდება  ნაწარმოებთა საფუძვლიანი ანალიზი  და მკითხველისთვის წერილობითი ფორმით გაზიარება, რათა მათ თავად განსაჯონ, ვინ,  რა დონის, როგორი სულისკვეთების ლიტერატურათმცოდნენი აფასებენ ნამუშევრებს და რა ლიტერატურული სიმაღლისაა თავად ეს ნაწარმოებები.

და ზოგადად, ჟიურის წევრებო,  სანამ გამარჯვებულს გამოავლენდით,  წაიკითხეთ  ჩვენი კრებულები?

ჯადოსნური საღამო

Published August 29, 2012 by tsirakurashvili

.  ქვით ნაშენ კოშკში ვარ, ფანჯარა ბონკოს ღელის მიდამოებს გადაჰყურებს, თუმცა ახლა საკმაოდ  ბნელა. აქ ვწერ მოთხრობას სათაურით: ,,გადია, ვარდები, კრაზანები, ყველი და მსხალი”.

 

მუდმივი კონტროლის ქვეშ :)

Published August 29, 2012 by tsirakurashvili

ვერასოდეს მოვახერხე დამალვა. ზეციდანაც, მიწიდანაც, შინაც, გარეთაც, მუდმივად  გაკონტროლებული აღმოვჩნდი. ამიტომ  ღია ვარ. ვწერ ღიად, ვსაუბრობ ღიად, მაცვია ღიად…ეს ჩემი ღია ინტერვიუა. შემოქმედებითი მიზნებისა და სამასახურიდან გათავისუფლება_აღდგენის შესახებ. დანარჩენი ინტერვიუში.

ჩემი ბავშვობის მდინარე

Published August 29, 2012 by tsirakurashvili

ჩემი ბავშვობის მდინარე ბაღდათში, ხანისწყალი, ადგილი, რომელსაც ხალხმა ,,ყურაშვილების საბანაო” შეარქვა, რადგან აქ ერთად ჩამოვდიოდით რვა დედმამიშვილი, აქ ვცურავდით, აქ ვთევზაობდით, აქ გაგვყავდა ჩვენი ბავშვობის საინტერესო დღეები, სანამ ცხოვრების გზას დავადგებოდით, სანამ რვა შვილიდან ხუთი სასულიერო ცხოვრებას აირჩევდა, თან იმგვარ ცხოვრებას, ძალების დიდ დატვირთვას რომ მოითხოვს. სანახევროდ ამ მდინარემ აღგვზარდა, გაგვაკაჟა. მის ტალღებში მამა ანდრიას, ყმაწვილობისას პაატას, არაერთი ბავშვი გადაურჩენია დახრჩობას, აქედან ეზიდებოდა ის შეჭამანდისთვის ჯირკებს, ჩვენ ფარჩხს ვაგროვებდით, შინ მიგვქონდა წყაროს წყალი, დაჭერილი თევზი, ეს არ იყო მხოლოდ გართობა, მზადებაც იყო ცხოვრებისათვის. ჩვენს მდინარეს ზამთარშიც ისე მოვისაკლისებთ, ხოლმე, როგორც ახლობლებს, ახლა კი ცხელა… 

სათხეველი

Published June 18, 2012 by tsirakurashvili

უღმრთოდ ერთპიროვნული მმართველობის ფორმა ერის გაჩანაგებას იწვევს. ენაც ამ პროცესებს ეწირება, ის ღატაკდება. ერთპიროვნული მმართველობა  სიტყვებს სამუდამო  პატიმრებად აქცევს  და ამწყვდევს ლექსიკონებში, საიდანაც ისინი  გულისმომკვლელად შემოგვჩივიან, გვიჩვენებენ თავიანთ გამაოგნებელ სიბრძნეს და მშვენიერებას, მრავალფეროვნებას, საოცარ გამომსახველობას და კვლავ გახუნებულ ფოლიანტებში იკეტებიან .

გამოგიცდიათ ძველ სიტყვებთან შეხვედრის სიხარული? ისინი ძველი მეგობრებივით პოულობენ ჩვენს გულებს…ჯერ საპატიმროს კარი  გავაღოთ და ეს მარადიული სიბრძნის დამტევი სიტყვები გავათავისუფლოთ, მერე უკვე შეიძლება მწერლობაზეც ლაპარაკი 🙂